ექვთიმე და აკაკი
საქართველოს უდიდეს პოეტს,
აკაკი წერეთელსა და ქართული განძის მცველ, ამადგარ მამულიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს
მშვენიერი ურთიერთობა ჰქონიათ ერთმანეთთან. ამის დასტურია აკაკის ანდერძი და ექვთიმეს
პატივისცემა მგოსნისადმი.
,,აკაკის ანდერძი დაწერილი
1912 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის ნოტარიუს აბდუშელიშვილთან. ,,...ვენახსა და დანარჩენს
ჩემს მამულს ვუტოვებ საკუთრებად საქართველოს საისტორიო და საეთნიგრაფიო საზოგადოებას
ქართული ზღაპრებისა, არაკებისა და საერთოდ ზეპირ თქმულებათა შესაკრებად და გამოსაცემად.
უფლება ჩემის ნაწერების გამოცემისა უნდა მიეცეს ზემოხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას
აღნიშნულ მიზნისათვის...
...ანდერძში გამოთქმულ ჩემის
ნების აღმსრულებლად ვნიშნავ: თავადს გრიგოლ
ნიკოლოზის ძე დიასამიძეს, სერგო ლუკას ძე ბახტაძეს, კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილს
და ექიმ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილს.“
(,,აკაკი
წერეთელი“თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად 1961წ. გვ.: 589-590.)
ექვთიმე თაყაიშვილი, ,,მოგონება აკაკი წერეთელზე“, წერს: ,,აკაკი ჩემი
დიდი პატივისმცემელი იყო და ეს საქმითაც დაამტკიცა. მე, ცოტა არ იყოს სირცხვილეული
დავრჩი. ერთხელ შემოვიდა იგი ჩემთან სახლში (მაშინ წყნეთის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდი,
ხოლო აკაკი ჩემს პირდაპირ - ოლღას ქუჩაზე) და მითხრა:
_ყველაფერზე გული ამივარდა,
არც ერთი ჩვენი დაწესებულება არ მაკმაყოფილებს შენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების
მეტი და ჩემი ქონება თქვენ უნდა დაგიტოვოთ ანდერძითო.
მე გავიცინე და ღიმილით ვუთხარი:
_აკაკი! შენი ჭირიმე, ჩვენი
დაღუპვა თუ არ გინდა, მაგას ნუ იქმ-მეთქი.
_რატომო?_მკითხა.
_იმიტომ, რომ, მეშინია,
შენს ვალებში არ გაგვიყიდონ ის ხელნაწერები და სხვა ნივთები, რომელნიც თქვენ უნდა დაგვიტოვოთ
ანდერძით.
მან მიპასუხა:
_ ვინ გითხრა ეს? ვალი ერთი
კაპიკიც კი არა მაქვს. ან ვალი საიდან მექნება, როდესაც ფულს არავინ მასესხებს! ქე ნახავ მაშინ, როდესაც მემკვიდრეობას მიიღებთ და მოსარჩლე არავინ გამოგიჩნდებათო.
ამით გავათავეთ ლაპარაკი და სხვაზე გადავედით. სხვა
დროს მას ამ საკითხზე ლაპარაკი აღარ ჰქონია. წარმოიდგინეთ, წასულა აკაკი ქუთაისში და
იმავე კვირაში ნოტარიული წესით დაუმტკიცებია ანდერძი, რომ მთელ თავის მამულს და თავის
ნაწარმოებებს , გამოცემულს თუ გამოუცემელს, უტოვებს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოებას.
ეს მხოლოდ მაშინ გავიგე,
როდესაც აკაკი გარდაიცვალა... ...აკაკის შვილსა და ცოლს არავითარი პრეტენზია არ გამოუცხადებიათ
ამის შესახებ...
ანდერძის თანახმად აკაკის
სახლი, მამული, ეზო და მისი ხელნაწერები მალე ჩავიბარეთ. მის სახლში გავხსენით მუზეუმი
და მისივე ყოფილ მოურავს კოტე აბდუშელიშვილს ჩავაბარეთ...
ერთხელ აკაკი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
_რამდენადაც ვიცნობ ხალხურ
პოეზიას, უნდა გამოგიტყდე, რომ ჩვენისთანა ხალხური პოეზია სხვა ხალხს იშვიათად თუ აქვს.
ამიტომ შენ დიდი სამსახური მიგიძღვის, რომ ასე ბევრი მასალა გამოაქვეყნე თქვენს საისტორიო
და საეთნოგრაფიო ორგანოში - ,,ძველ საქართველოში“, მაგრამ ხალხში გაბნეული მასალა აუარებელია,
ამოუწურავი და მათი შეგროვა-გამოცემა გაასკეცებულ მუშაობას თხოულობს. მინდა ამ საქმეში
დაგეხმაროთ. მოწმობა მომეცი, რომ მე თქვენი საზოგადოება მაგზავნის კახეთში სახალხო
პოეზიის შესაკრებად...
_ თუ ღმერთი გწამს, აკაკი,
ამ საქმეს ნუ დამავალებ, თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები. შენ მთელი საქართველო
გიცნობს და მის უგვირგვინო მეფეს გეძახიან, ექვთიმე თაყაიშვილმა უნდა მოგცეს შუამდგომლობის
მოწმობა და გაგიკეთოს რეკომენდაცია? მე ხომ სასაცილოდ ამიგდებენ და იტყვიან: ეს როგორ
გაკადნიერებულა და ჩვენ გვასწავლის, ვინ არის აკაკი და როგორი პატივით უნდა მივიღოთო...“
ექვთიმეს დაუწერია მოწმობა
და 100 მანეთიც მიუცია, ამას გარდა, რაფიელ ერისთავის სიძისათვის ვასილ კახიძისათვის
მიუწერია, რომ დიდმა მგოსანმა განიზრახა ფოლკლორული მასალების შეგროვება და გთხოვთ,
დიდის პატივით შეხვდითო.
ეს იყო ორი ღირსეული ქართველის ურთიერთობა. იმ ორი
მამულიშვილისა, რომელთა ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე განუზომელია.
,,მოგონებები
აკაკიზე“. თბილისი . 1990 წელი . გვ. 201-208.
გიორგი ლომთათიძე, ,,ბატონი ექვთიმე“ გულახდილ
საუბართა ჩანაწერები 1949-1952 წლები, 15.IV.1949. იგონებს: ,,აკაკის სახლ-მუზეუმზე (სხვიტორში)
ჩამოაგდო სიტყვა. რაღაცეები მაქვს მისეული და უნდა გადავცე, ან აკაკის სახლ-მუზეუმსა
ან ლიტერატურულ მუზეუმსო. მე ვურჩიე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცი-მეთქი.“
,,დიდი
ქართველები“. გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011. გვ.173
ჩვენ გავესაუბრეთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის უხუცეს
თანამშრომელს, ქალბატონ კლარა მაჭარაშვილს. მან აღნიშნა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი ხშირად
დადიოდა სხვიტორში და მუდმივი კავშირი ჰქონდა კოტე აბდუშელიშვილთან. ექვთიმეს ჰქონია
აკაკის კალამი, ვერცხლის სურო და სხვა ნივთები. ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან
მიძღვნილი საჩუქრები, რომლებიც 1921 წელს ქართულ განძთან ერთად გაუტანია საზღვარგარეთ.
აკაკის მუზეუმის ფონდში
ინახება ექვთიმეს რამდენიმე ხელნაწერი.
გამოყენებული წყაროები:
1. ,,აკაკი
წერეთელი“ თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ
ტომად. ტომი XIV. პუბლიცისტური
წერილები. 1901-1915წწ. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1961;
2. ,,დიდი ქართველები“.
გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011 წელი;
ISSN 198-989x. ISBN 978-9941-425-26-4
3.
,,მოგონებები
აკაკიზე“. გამომცემლობა ,,საქართველო“. თბილისი, 1990;
ISBN 5-529-00926-3
4.
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ფონდი;
5.
ფოტოებისწყარო: http://burusi.wordpress.com
No comments:
Post a Comment