ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი
ერისა და ღვთის კაცი

Thursday, February 28, 2013

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება



საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება
  1907 წლის 20 სექტემბერს გაიმართა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების პირველი საერთო კრება თბილისის დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში(დ. სარაჯიშვილის სახლი, ბელინსკის ქ, #2-ში). კრებამ თავმჯდომარედ აირჩია ექვთიმე თაყაიშვილი.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებიამ შეიმუშავა წესდება. საზოგადოების მიზნებსა და ამოცანებს ექვთიმე თაყაიშვილი ვრცლად შეეხო კრებულის ,,ძველი საქართველოს“ პირველი ტომის წინასიტყვაობაში, სადაც იგი ქართველ საზოგადოებას სთხოვს , დახმარება გაუწიოს ახლად დაარსებულ საზოგადოებას: - ,,ნურვინ იფიქრებს, რომ სპეციალურ საზოგადოებას, მარტო სპეციალისტების  დახმარება ეჭირვებოდეს, - წერს იგი, - ჩვენი საზოგადოების მიზანი ძლიერ ფართოა. მას საგნად აქვს შესწავლა საქართველოს წარსულისა და აწმყოსი, მაგრამ საქართველოს ყოველგვარი შესწავლისათვის მასალაა საჭირო და მასალის შეკრება ამჟამად  უმთავრეს მიზანს შეადგენს... ყველა შეგნებულ ქართველს შეუძლია დიდი დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს საზოგადოებას.“
ექვთიმე თაყაიშვილი საზოგადოებას მოუწოდებდა შეეკრიბათ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ძველი ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, იარაღი,სამკაულები, ჭურჭელი, ტანისამოსი, ძველი ფულები, არქეოლოგიური ნივთები; ჩაეწერათ ზღაპრები, სიმღერები, გადმოცემანი, არაკები, თქმულებები, შელოცვები, გამოცანები; აღეწერათ ყველა ქართველი მოდგმის ხალხის ზნე-ჩვეულება, ქორწილი, ტირილი, დღეობა, ხატობა, სხვადასხვა გართობა და ა.შ.
1907 წლის 25 ოქტომბერს, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს მესამე სხდომაზე, ექვთიმემ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც თორმეტ განყოფილებას მოიცავდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კრებულისათვის უნდა ეწოდებინათ ,,ძველი საქართველო.“
თამარის გულსაკიდი ჯვარი
კრებულის დანიშნულება ფართო და მრავალმხრივი იყო. ის ხელს უწყობდა კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ შესწავლას და მის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას ჰქონდა მეორე სერიული გამოცემაც - ,,საქართველოს სიძველენი.“
1015 წელს საზოგადოების საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ორი ახალი სერია - ,,ქართული ხალხური სიტყვიერება“ და ,,ძველი ქართული მწერლობა“, მაგრამ ქაღალდისა და სტამბის უჩვეულო სიძვირის გამო მათი ბეჭდვა შეწყდა. 1916 წელს მაინც მოხერხდა ,,ძველი ქართული მწერლობის“ პირველი ტომის გამოცემა, რომელის 888 გვერდს შეიცავდა.
1907-1917 წლებში ხალხური სიტყვიერებიდან კრებულში დაიბეჭდა 2000-მდე ხალხური ლექსი, 1385 არაკი და ზეპირსიტყვიერების მასალა. 118 გამოცანა, 16 სიმღერა ნიტებით, 4 გადმოცემა და თქმულება, 33 ზღაპარი, 1527 სიგელ-გუჯარი და სხვა ნაშრომები.
     1907 წლის 29 ნოემბერს საბჭომ მოისმინა ექვთიმე თაყაიშვილის ინფორმაცია იაკობ მედვედევის ნუმიზმატიკური კოლექციის მოპოვების შესახებ. მედვედევის კოლექცია შეიცავდა 872 ძველ მონეტას, (მათ სორის 114 ვერცხლისა, 5 ბრინჯაოსი და 753 სპილენძის) 168 ქართულ-რუსულსა და 77 მუსლიმანურს, რომელიც თბილისში იყო მოჭრილი. სულ იყო 1117 ცალი (მათ შორის 281 ვერცხლის). ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, ამ კოლექციას მედვედევი აფასებდა 4000 მანეთად. რადგან საზოგადოებას არანაირი წყარო არ გააჩნდა, ექვთიმეს წინადადებით, საბჭომ გადაწყვიტა დახმარებისათვის მიემართა ქართული კულტურის ისეთი გულშემატკივარისათვის, როგორიც იყო კირიონი, დავით სარაჯიშვილი და იაკობ ზუბალაშვილი. ამ გზით შეძენილი კოლექცია საფუძვლად დაედო საზოგადოების ნუმიზმატიკურ კოლექციას, რომელსაც შემდეგში შეემატა ექვთიმე თაყაიშვილისა და კირიონ მეორის მიერ შემოწირული ნუმიზმატიკური კოლექციები. 
     კოლექციაში საკმაოდ ბევრი ,,უნიკუმი“ (იშვიათი ფულები) მოიპოვებოდა. ბევრი იყო ისეთიც, რომლებიც არ იყო ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში და გაურკვეველი იყო, რომელი მეფის დროს მოეჭრათ.
საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ნუმიზმატიკური კოლექცია ძვირფასი შენაძენი იყო საზოგადოებისათვის. 1917 წლისათვის მასში მოიპივებოდა 3883 მონეტა. მათ შორის 1081 ვერცხლისა, 2794 სპილენძისა და 4 ბრინჯაოსი. კოლექცია იწყებოდა კოლხური მონეტებით და მთავრდებოდა რუსულ-ქართულით, რომელთა მოჭრა შეწყდა 1833 წელს.
1917 წლისათვის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნსაცავში შეგროვდა 9817 სახელწოდების ნაბეჭდი წიგნი.(მათ შორის 1495 ქართულ ენაზე, 8380 უცხო ენაზე);160 ალბომი, 1427 ხელნაწერი და 8 ათასზე მეტი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთი. 550 ნაქსოვ-ნაკერი, 62 ქანდაკება, 585 მხატვრული ნაწერები და ისტორიულ პირთა პორტრეტები, 73 ძველი ფრესკების პირები, მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექციები და სხვა.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა რუსეთისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო საზოგადოებებთან.
   1907-1917 წლებში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას 35 ექსპედიცია მოუწყვია, მათ შორის სამეცნიერო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთში, სამეგრელოსა და თორთუმ-ისპირში მოწყობილ ექსპედიციებს.
ექვთიმე თაყაიშვილი მთელი რუდუნებით დასტრიალებდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას 1921 წლამდე.
გამოყენებული წყარო:
1.       ლამარა გოდერიძე, ,,კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“.(ქართული თვითმოქმედი საზოგადოებები). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი  2005 წელი.  ISBN 99940-12-47-9.
2.       იოსებ მეგრელიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. ცხოვრება და მოღვაწეობა. გამომცემლობა ,,მეცნიერება“. თბილისი 1989 წელი.ISBN 5-520-00452-8.
3.       https://www.google.com

No comments:

Post a Comment