ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი
ერისა და ღვთის კაცი

Thursday, February 28, 2013

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი



წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
 წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)  დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს გურიის სოფელ ლიხაურში, რომელიც მაშინ ოზურგეთის მაზრას ეკუთვნოდა და ოთხიოდე კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქს. მამამისი, აზნაური სიმონ თაყაიშვილი, კორდონის ოფიცერი იყო. დედა, ნინო ნაკაშიძე მაზრის მოწინავე ქალთა საზოგადოებაში ტრიალობდა. წმინდანს მშობლები მალე გარდაეცვალა.
   ექვთიმეს ადრე გამოუვლენია დიდი მისწრაფება სწავლისადმი. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც ექვთიმემ 1883 წელს ვერცხლის მედლით დაასრულა. იმავე წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1887 წელს დაამთავრა სწავლა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
    1895 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო თბილისელი იურისტის, ივანე პოლტარაცკის ასული ნინო.

 ღმერთისა და ერის სიყვარული წარმართავდა ექვთიმე ყველა მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად მიაჩნდა მასალების შეკრება ისტორია-არქეოლოგიისათვის. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავნია წმინდანს - ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა, ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია... ყველგან ჩვენი ერის წარსულის ანარეკლს, ჩვენს ნაკვალევს ეძებდა.
   1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა ,,საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, რომელშიც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. ამავე დროს, თანმიმდევრულად მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
   1907 წელს ექვთიმემ დააარსა ,, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“. ამ საზოგადოების მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგზაურობა ,,სამუსლიმანო საქართველოში“. ექვთიმე თანამემამულეებს უღვიძებდა ეროვნულ გრძნობებს, ზოგიერთ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა დავიწყებოდათ, მაგრამ შეგნება, რომ მათი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა.
   ,,საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“,  შეგროვება-შესყიდვით, რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკების ზუსტი ასლები - 73 ძველი ფრესკის პირი.
    წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებში იდგა.  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 1918 წელს ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების საქმეშიც.
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა  ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ თან გაიტანა საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები, რომელსაც მცვეკად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულთურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან,“- წერდა მოგვიანებით.საფრთხე ბევრი იყო: ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, სალომე დადიანმა სასამართლოში აღძრა საქმე, რადგან თავს ეროვნული განძის ნაწილის მეპატრონედ თვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა. ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა განძზე პრეტენზია.
     არ სძინავს ექვთიმეს. ,,... ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად სენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ეს  ნივთები ან მისი ნაწილი დაიკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მთანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდება.“
      ამ წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს, 1935 წლის 10 აპრილს ექვთიმემ მენშევიკ მთავრობისაგან მიიღო დადგენილება, რის თანახმადაც მას მიანდვეს ქონებაზე ზრუნვა და დააკისრეს პასუხისმგებლობა ქონების მეპატრონე მუზეუმთა და საქართველოს წინაშე.
     გასაოცარი იყო სულიერი სიმტკიცე სიღატაკეში მცხოვრები მოხუცისა. 1931 წელს გარდაეცვალა მეუღლე. მარტო დარჩენილი წმინდანი საშინელ პირობებში ცხოვრობს. შიმშილი. ყინვა. ავადმყოფობა. 1931 წლის თებერვალში 6 დღე არ უსადილია, მარტში - 13. ვგებულობთ მისი უბის წიგნაკიდან. მაგრამ ღვთისა და ერისაგან დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია - ერთი ექსპონატიც არ გაუყიდნია.
   1940 წელს მოხუცი დადგენილი 100 გრამი პურის ამარად დარჩა. შიმშილობდა, ფეხის ტკივილები გაურთულდა, მიწას მაინც აწვალებდა კარტოფილისთვის, პომიდვრისთვის, მწვანილისთვის. მოწამეობრივი გზიდან არ გადაუხვევია. ერჩივნა დილაობით კვლავ ეძოვებინა ფრანგული თხისათვის, რომლის რძე ხშირად ერთადერთი საკვები იყო წმინდანისა.
    ასე გრძელდებოდა წლობით მისი ყოფა უცხოეთში. ხანგრძლივი ემიგრაციის მანძილზე საკუთარ თავს ეუბნებოდა: ,,სანამ განძს პატრონს არ ჩავაბარებ, არ უნდა მოვკვდე!“ ღირსეულად უერთგულა ამ უდიდეს მისიას, რაც საგანძურის სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა.
    1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი წმინდანი წერდა: ,,ორიოდე წლის სიცოცხლე, რომელიც დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას. ვეცდები, აღარც ერთ ჩემ ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი...“
   დრო მიდიოდა... წლები თავისას აკეთებდა... ღრმად მოხუცებული ექვთიმე დიდ განსაცდელში იყო. ხელისუფლება ყოფილი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. 1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდია პოლტარაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში; შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა მასთან სიარული; 1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან ,,საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის  უქონლობის გამო.“ მალე გაირკვა, რომ ხმები დაეყარათ, თითქოს ექვთიმეს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბევრი მეცნიერი მასთან მისვლას ვეღარ ბედავდა. თანამშრომლებსაც აუკრძალეს მასთან სიარული.
    1953 წლის 21 თებერვალს, სამშობლოს სიყვარულში დამაშვრალმა წმინდანმა სული უფალს შეჰვედრა. გარდაცვალების მიზეზი იყო გულის დამბლა.
      24 თებერვალს, მცირერიცხოვანმა პროცესიამ წმინდანის კუბო ვაკის სასაფლაომდე მიაცილა. 10 წლის შემდეგ, 1963 წლის 10 თებერვალს, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. (ექვთიმეს ტანსაცმელი დაცული იყო და არც კუბო აღმოჩნდა გამოსაცვლელი).
    1987 წლის 22 თებერვალს კი ლევილიდან ჩამოასვენეს  ნინო პოლტარაცკაია-თაყიშვილის ნეშტი და დაკრძალეს მეუღლის გვერდით.
    2000 წელს გადაასვენეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

   2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმონდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
გამოყენებული წყარო:
1.      ,,გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები“. საკითხავი ყმაწვილთათვის. ტომი მე-16. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2008 წელი.  ISBN 978-99940-919-5-9;
2.      ,,საქართველოსთვის! საქართველოსთვის!საქართველოსთვის!”. ტომი მე-6.  საკითხავი ყმაწვილთათვის. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2002 წელი. ISBN 99928-971-0-4;
3.      ,,დიდი ქართველები“. გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011 წელი;
ISSN 198-989x.        ISBN 978-9941-425-26-4;
4.      ,,ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“. სასკოლო ბიბლიოთეკა. გამომცემლობა ,,ბაკმი“ 2009. ISBN 978-99940-27-31-6 ; ISBN 978-99940-27-50-0;
5.      ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ მე-9 კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემდგენლები: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი“ 2009 წელი. ISBN 078-9941-9034-4-1;
6.      მართლმადიდებლური ჟურნალი ,,ქაროზი“ # 9 (37). ქრისტეშობისთვე, 2005 წელი;
7.      ვიკიპედია, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლობედია;
8.      https://www.google.com


No comments:

Post a Comment