ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი
ერისა და ღვთის კაცი

Thursday, February 28, 2013

ხელნაწერი და ექვთიმე თაყაიშვილი


,,ვეფხისტყაოსნისხელნაწერი და ექვთიმე თაყაიშვილი
1879 წელს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი ,,ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემისათვის სამზადისს შეუდგა და გაზეთ ,,დროებაში“ გამოაცხადა: ვისაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი გაქვთ, დროებით ათხოვეთ პოემის ტექსტის დამდგენ კომისიასო.
კომისიაში შემოსულ ხელნაწერთა შორის იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის დავალებით შესრულებული ხელნაწერიც. მისი იმჟამინდელი პატრონი გახლდა პელაგია გურიელი-წერეთლისა, რომელსაც ხელნაწერი მემკვიდრეობით რგებია. როცა კომისიამ მუშაობა დამთავრა, ხსენებული ხელნაწერი პატრონს დაუბრუნა. ქალბატონ პელაგიას გარდაცვალების შემდეგ ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს ახალი პატრონის გაუჩნდა _ გიგო წერეთელი. ხელნაწერი ოჯახის ძვირფას რელიგიად მიაჩნდათ და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. დროთა განმავლობაში წიგნს ყდა შემოაცვდა და დაიფურცლა, ამიტომ გიგო წერეთლის ვაჟებმა თბილისში წაიღეს ყდის გასაკეთებლად.
ძმებმა ხელნაწერი მშვენიერ ხავერდის ყდაში ჩაასმევინეს, მაგრამ სახელოსნოდან მობრუნებულებს ,,ვეფხისტყაოსანი“ ეტლში დარჩათ. წიგნის მპოვნელს უნდოდა ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილისათვის მიეყიდა, რადგან იცოდა, რომ იგი უძველეს ხელნაწერს აგროვებდა, მაგრამ ექვთიმე ქალაქში არ აღმოჩნდა. ამიტომ ხელნაწერი ცნობილ მეწარმეს დავით სარაჯიშვილს მიუტანა. სარაჯიშვილმა ხელნაწერი იყიდა.
ერთხელ დავით სარაჯიშვილს ექვთიმე თაყაიშვილი ესტუმრა. მასპინძელმა მეცნიერს ხელნაწერი აჩვენა: აი, საშენო ხელნაწერიო.
-ამას შინ წავირებ და გულმოდგინედ შევისწავლიო, - განუცხადა ქართულ ხელნაწერზე თავგადაკლულმა მეცნიერმა. ეს თაყაიშვილის ჩვეული ფანდი იყო, იგი ხელნაწერებს ინათხოვრებდა ხოლმე, დიდხანს დაიტოვებდა და პატრონს აიძულებდა, მუზეუმისათვის ან საჩუქრად შეეწირა ან მიეყიდა.
- წაიღე, ოღონდ მალე დამიბრუნე, - უთხრა სარაჯიშვილმა.
ექვთიმე ტაყაიშვილმა ახლაც თავისი ფანდი იხმარა- დიდხანს არ დაუბრუნა წიგნი პატრონს.
სარაჯიშვილმა რამდენჯერმე მოიკითხა თავისი წიგნი. თაყაიშვილი ეუბნებოდა, კვლევა ჯერ არ დამიმთავრებიაო. ამასობაში სარაჯიშვილი საზღვარგარეთ წავიდა. სამშობლოში დაბრუნებულმა წიგნი ისევ მოიკითხა.
-         ხელნაწერი შენი სახელით შევწირე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასო, - უპასუხა ექვთიმე თაყაიშვილა და აჩვენა ხელნაწერთა აღწერების ტომი, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი დავით სარაჯიშვილის სახელით იყო შეტანილი.
გავიდა დრო. ერთ დღეს ექვთიმე თაყაიშვილს გამოწყობილს სასიამოვნო შესახედაობის ორი ახალგაზრდა ესტუმრა.
-         რა გნებავთო? - ჰკითხა მათ ექვთიმემ.
-         ჩვენ ძმები წერეთლები ვართ. მემკვიდრეობით გვერგო ,,ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი. ერთხელ თბილისში ჩამოვიტანეთ, ხავერდის ყდაში ჩავსვით, მაგრამ ეტლში ჩავდეთ და დაკვეკარგა. როგორც გვითხრეს, ყოველნაირი ხელნაწერი თურმე თქვენთან მოაქვთ და ჩვენი ხელნაწერი ხომ არ მოუტანიათო?
-         ეს ხელნაწერი ჩვენს მუზეუმშია, მაგრამ იგი მპოვნელისაგან სხვამ იყიდა, შემოსწირა მუზეუმს და ახლა საზოგადოების საკუთრებააო.
-         წერეთლებს გაუხარდათ, წიგნია არ დაკარგულაო, და თაყაიშვილს სთხოვეს:წიგნი გვათხოვეთ, დედას ვაჩვენებთ და უკანვე დაგიბრუნებთო.
ექვთიმე თაყაიშვილმა უარი ვერ უთხრა ძმებს. ხელნაწერი მისცა, მხოლოდ პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ აუცილებლად დაუბრუნებდნენ.
გავიდა საკმაო დრო, მაგრამ წერეთლებმა ხელნაწერი არ დააბრუნეს. ექვთიმე შეშფოთდა. ზოგი მისი ნაცნობი ცეცხლზე ნავთს ასხამდა: არ უნდა გაგეტანებინა, ეს რა გიქნიაო.
იმ ხანად საჩხერეში ერტ-ერთ ეზოში უძველესი სამარხი აღმოჩნდა და ექვთიმე ტაყაიშვილი მის გასათხრელად გაემგზავრა. იქ შემთხვევით შეხვდა ძმებ წერეთლებს და უსაყვედურა. ძმები ძალიან შეწუხდნენ, ბოდიში მოიხადეს დაგვიანების გამო და უთხრეს:
ერთ კვირაში ჩავიტანთ ხელნაწერს თბილისშიო. მართლაც მათ დაპირება პირნათლად შეასრულეს.
ამჟამად ,,ვეფხისტყაოსნის“ ეს ხელნაწერი ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდშია დაცული.

ზურაბ ჭუმბურიძე.

ორი ლექსი


ორი ლექსი
(ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ფურცელი)
ექვთიმე თაყაიშვილს 25 წელი მოუწია ემიგარციაში ცხოვრაბა. გასაჭირის ატანა კიდევ უფრო უადვილდებოდა, ვიდრე მეუღლე , ნინო პოლტარაცკაია, ჰყავდა გვერდით პატრონად და თანამგრძნობად. შემდეგ კი აუტანელი გახდა უცხო ცის ქვეშ ცხოვრება, თანაც უკუდურეს სიდუხჭირეში.
    ექვთიმეს მართოსულობასა და სამშობლოს სევდას ეხმიანება გალაკტიონის ლექსი, რომელსაც რეზო თაბუკაშვილი კითხულობს თავის დოკუმენტურ ფილმში ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
შინდისის ჭადრებს
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით,-
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
მე უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდნენ ნათელი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ეხლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვრდური?
    სამშობლოში დაბრუნებულ ღვთისჯაცს აკაკის ,,განთიადი“ ახსენდება.
   ,, 1945 წლის 11 აპრილს თბილისის აეროდრომზე დაფრინდნენ დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ. ქართულ მიწაზე ფეხი რომ დაადგა, ჯერ ზევით აიხედა, ცას შეხედა, მერე დაიღუნა, მარჯვენა ხელით მიწა აიღოპ და ეამბორა მას.
     აკაკის ლექსი მომადგა ენაზეო, - ამბობს  82 წლის მოხუცი:
                                                          ,, ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო,
                                                             ჩემო სამშობლო მხარეო,
                                                            სნეული დავბრუნებულვარ
                                                             მკურნალად შემეყარეო!“
 ნაყარიბალი დასძენს: ,,ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული.“
      1948 წელს 85 წლის მოხუცი დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ გაიხსენებდსაფრანგეთიდან დაბრუნებას და მგისნის ლექსს თავიდან ბოლომდე წაიკითხავს, თანაც ისეთი გრძნობიტა და მღელვარებით, რომ , ვახტანგ ბერიძე იგონებს: ,, ... ეს საკვირველი ლექსი... იმ წუთში იბადებოდა ჩვენს თვალწინ.“
     მგოსნის შედევრმა და  სამშობლოს ,, ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტამა“ იმდენად შესძრა ექვთიმე თაყაიშვილის გრძნობა-გონება, რომ ხშირად ახსენედებოდა ,,განთიადის“ სტრიქონები.
   იოსებმეგრელიძე 1952 წლის  20 დეკემბერს იგონებს: ,,დღეს მითხრა: მე ფეხი მტკიოდა, თორემ შინაგანი  ორგანოები ძალიან ჯანმრთელი მქონდა... ახლა, იმ გულმაც დამიწყო ტკივილი, რომელსაც უწინ არც კი ვგრძნობდი, სად მქონდა. ღამე სული მეხუთება, საწყალი ცემიმმეუღლე მესიზმრება, მისი ხმა მესმის... გაბრიელი მეზახის, აღარაა დრო, თუ?! ... ცოტა ხნის შემდეგ ჩაილუღლუღა:
                                                              ,,ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო!“
 გული უგრძნობდა, რომ მალე დატოვებდა წუთისოფელს და ქართველებს კიდევ ერთი ,,საშვილიშვილო სამარე“ ექნებოდათ სალოცავად.
გამოწენწბული წყარო:
1.      იოსებ მეგრელიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. ცხოვრება და მოღვაწეობა. გამომცემლობა ,,მეცნიერება“. თბილისი 1989 წელი.ISBN 5-520-00452-8.
2.      ,,გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები“. საკითხავი ყმაწვილთათვის. ტომი მე-16. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2008 წელი.  ISBN 978-99940-919-5-9;
3.      გალაკტიონ ტაბიძე, ,,თხზულებანი ორ წიგნად“, წიგნი I. ლექსები. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1988 წელი.ISBN  5-529-00099-1.  5-529-00098-3







თემაზე მუშაობისას გამოყენებული წყაროები:
1.      იოსებ მეგრელიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. ცხოვრება და მოღვაწეობა. გამომცემლობა ,,მეცნიერება“. თბილისი 1989 წელი.ISBN 5-520-00452-8.
2.      ,,დიდი ქართველები“. გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011 წელი; ISSN 198-989x.        ISBN 978-9941-425-26-4
3.      ლამარა გოდერიძე, ,,კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“.(ქართული თვითმოქმედი საზოგადოებები). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი  2005 წელი.  ISBN 99940-12-47-9.
4.      ,,გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები“. საკითხავი ყმაწვილთათვის. ტომი მე-16. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2008 წელი.  ISBN 978-99940-919-5-9;
5.      ,,საქართველოსთვის! საქართველოსთვის!საქართველოსთვის!”. ტომი მე-6.  საკითხავი ყმაწვილთათვის. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2002 წელი. ISBN 99928-971-0-4;
6.       ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ მე-9 კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემდგენლები: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი“ 2009 წელი. ISBN 078-9941-9034-4-1;
7.      მართლმადიდებლური ჟურნალი ,,ქაროზი“ # 9 (37). ქრისტეშობისთვე, 2005 წელი;
8.      ,,ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“. სასკოლო ბიბლიოთეკა. გამომცემლობა ,,ბაკმი“ 2009. ISBN 978-99940-27-31-6 ; ISBN 978-99940-27-50-0;
9.      ,,აკაკი წერეთელი“  თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად. ტომი XIV. პუბლიცისტური წერილები. 1901-1915წწ. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1961;
10.  ,,მოგონებები აკაკიზე“. გამომცემლობა ,,საქართველო“. თბილისი, 1990;
ISBN 5-529-00926-3
11.  აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ფონდი;
12.  გალაკტიონ ტაბიძე, ,,თხზულებანი ორ წიგნად“, წიგნი I. ლექსები. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1988 წელი.ISBN  5-529-00099-1.  5-529-00098-3;
13.  გურამ მაისურაძე, ,,რას გვასწავლის მოწამეთა.“ მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან. გამომცემლობა ,,განათლება“. თბილისი 1991 წელი. ISBN 5-505-01648-0;
14.  http://burusi.wordpress.comhttps://www.google.com
15.  ვიკიპედია, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლობედია;







ჩვენს შესახებ

პროექტზე - 
,,განძის გუშაგი - მარადისობის ბინადარი”
მუშაობდნენ აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის #1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები:
1. კობა დონაძე;
2. ლალი კვიჟინაძე;
3. მარიამ გიორგაძე;
4. ნოდარი კუსიანი;
5. ქეთევან ხვედელიძე.
საკონტაქო ინფორმაცია;
577 621-621
ელ-ფოსტა: qeti.gafrindashvili@gmail.com

ექვთიმე თაყაიშვილი (მოკლე ბიოგრაფია)



ექვთიმე თაყაიშვილი
(მოკლე ბიოგრაფია)
ექვთიმე თაყაიშვილი
  ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში.
1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1887 წელს - პეტერბურგის ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1887-1894 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლისა და კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელია. ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.
1894-1904 წლებში არის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე.
1889 წელს დააარსა ,,საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“. 1907 წელს ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“ და იყო მისი პირველი თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში, გახლდათ მისი ერთ-ერთი პირველი პროფესორი, არქეოლოგიური კათედრის გამგე.
1981-1921, 1945 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი იყო თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. 1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1922 წელს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოებისა და 1925 წელს პარიზის სააზიო საზოგადოების წევრი.
1921-1945 წლებში ექვთიმე ემიგრაციაშია და თავგანწირულად პატრონობს მენშევიკების მიერ გატანილ საქართველოს განძს.
ექვთიმე თაყაიშვილი იკვლევდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემებს, სწავლობდა ,,ქართლის ცხოვრების“ ტექსტებს; აღმოაჩინა და გამოაქვეყნა ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი ,,ხელმწიფის კარის გარიგება“(1920 წ.). ფასდაუდებელია მისი არქეოლოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა.


ექვთიმეს საფლავი (მთაწმინდაზე)
სამშობლოში დაბრუნებულ მეცნიერს მძიმე ცხოვრება შეექმნა. 1952 წელს დაუპატიმრეს შვილობილი ლიდა პოლტარაცკაია, ვის ბინაშიც ცხოვრობდა. თანამშრომლებს მასთან სიარული აუკრძალეს.ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე . 1963 წელს გადაასვენეს დიდუბის, ხოლო 2000 წელს მთაწმინდის პანთეონში.
2002 წელს ქართულმა ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.მისი ხსენების დღეა 3 იანვარი. ახალი სტილით 16 იანვარი.


გამოყენებული მასალები:
1.       ,,საქართველოსთვის! საქართველოსთვის!საქართველოსთვის!”. ტომი მე-6.  საკითხავი ყმაწვილთათვის. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2002 წელი. ISBN 99928-971-0-4
2.       ფოტოებისწყარო: http://burusi.wordpress.com

ექვთიმე და აკაკი



ექვთიმე და აკაკი
საქართველოს უდიდეს პოეტს, აკაკი წერეთელსა და ქართული განძის მცველ, ამადგარ მამულიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონიათ ერთმანეთთან. ამის დასტურია აკაკის ანდერძი და ექვთიმეს პატივისცემა მგოსნისადმი.
,,აკაკის ანდერძი დაწერილი 1912 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის ნოტარიუს აბდუშელიშვილთან. ,,...ვენახსა და დანარჩენს ჩემს მამულს ვუტოვებ საკუთრებად საქართველოს საისტორიო და საეთნიგრაფიო საზოგადოებას ქართული ზღაპრებისა, არაკებისა და საერთოდ ზეპირ თქმულებათა შესაკრებად და გამოსაცემად. უფლება ჩემის ნაწერების გამოცემისა უნდა მიეცეს ზემოხსენებულ საეთნოგრაფიო საზოგადოებას აღნიშნულ მიზნისათვის...
...ანდერძში გამოთქმულ ჩემის ნების აღმსრულებლად  ვნიშნავ: თავადს გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძეს, სერგო ლუკას ძე ბახტაძეს, კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილს და ექიმ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილს.“
(,,აკაკი წერეთელი“თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად 1961წ. გვ.: 589-590.)
ექვთიმე თაყაიშვილი,  ,,მოგონება აკაკი წერეთელზე“, წერს: ,,აკაკი ჩემი დიდი პატივისმცემელი იყო და ეს საქმითაც დაამტკიცა. მე, ცოტა არ იყოს სირცხვილეული დავრჩი. ერთხელ შემოვიდა იგი ჩემთან სახლში (მაშინ წყნეთის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდი, ხოლო აკაკი ჩემს პირდაპირ - ოლღას ქუჩაზე) და მითხრა:
_ყველაფერზე გული ამივარდა, არც ერთი ჩვენი დაწესებულება არ მაკმაყოფილებს შენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეტი და ჩემი ქონება თქვენ უნდა დაგიტოვოთ ანდერძითო.
  მე გავიცინე და ღიმილით ვუთხარი:
_აკაკი! შენი ჭირიმე, ჩვენი დაღუპვა თუ არ გინდა, მაგას ნუ იქმ-მეთქი.
_რატომო?_მკითხა.
_იმიტომ, რომ, მეშინია, შენს ვალებში არ გაგვიყიდონ ის ხელნაწერები და სხვა ნივთები, რომელნიც თქვენ უნდა დაგვიტოვოთ ანდერძით.
მან მიპასუხა:
_ ვინ გითხრა ეს? ვალი ერთი კაპიკიც კი არა მაქვს. ან ვალი საიდან მექნება, როდესაც ფულს არავინ მასესხებს! ქე ნახავ მაშინ, როდესაც მემკვიდრეობას მიიღებთ და მოსარჩლე არავინ გამოგიჩნდებათო.
  ამით გავათავეთ ლაპარაკი და სხვაზე გადავედით. სხვა დროს მას ამ საკითხზე ლაპარაკი აღარ ჰქონია. წარმოიდგინეთ, წასულა აკაკი ქუთაისში და იმავე კვირაში ნოტარიული წესით დაუმტკიცებია ანდერძი, რომ მთელ თავის მამულს და თავის ნაწარმოებებს , გამოცემულს თუ გამოუცემელს, უტოვებს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
ეს მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც აკაკი გარდაიცვალა... ...აკაკის შვილსა და ცოლს არავითარი პრეტენზია არ გამოუცხადებიათ ამის შესახებ...
ანდერძის თანახმად აკაკის სახლი, მამული, ეზო და მისი ხელნაწერები მალე ჩავიბარეთ. მის სახლში გავხსენით მუზეუმი და მისივე ყოფილ მოურავს კოტე აბდუშელიშვილს ჩავაბარეთ...
  ერთხელ აკაკი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
_რამდენადაც ვიცნობ ხალხურ პოეზიას, უნდა გამოგიტყდე, რომ ჩვენისთანა ხალხური პოეზია სხვა ხალხს იშვიათად თუ აქვს. ამიტომ შენ დიდი სამსახური მიგიძღვის, რომ ასე ბევრი მასალა გამოაქვეყნე თქვენს საისტორიო და საეთნოგრაფიო ორგანოში - ,,ძველ საქართველოში“, მაგრამ ხალხში გაბნეული მასალა აუარებელია, ამოუწურავი და მათი შეგროვა-გამოცემა გაასკეცებულ მუშაობას თხოულობს. მინდა ამ საქმეში დაგეხმაროთ. მოწმობა მომეცი, რომ მე თქვენი საზოგადოება მაგზავნის კახეთში სახალხო პოეზიის შესაკრებად...
_ თუ ღმერთი გწამს, აკაკი, ამ საქმეს ნუ დამავალებ, თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები. შენ მთელი საქართველო გიცნობს და მის უგვირგვინო მეფეს გეძახიან, ექვთიმე თაყაიშვილმა უნდა მოგცეს შუამდგომლობის მოწმობა და გაგიკეთოს რეკომენდაცია? მე ხომ სასაცილოდ ამიგდებენ და იტყვიან: ეს როგორ გაკადნიერებულა და ჩვენ გვასწავლის, ვინ არის აკაკი და როგორი პატივით უნდა მივიღოთო...“
ექვთიმეს დაუწერია მოწმობა და 100 მანეთიც მიუცია, ამას გარდა, რაფიელ ერისთავის სიძისათვის ვასილ კახიძისათვის მიუწერია, რომ დიდმა მგოსანმა განიზრახა ფოლკლორული მასალების შეგროვება და გთხოვთ, დიდის პატივით შეხვდითო.
  ეს იყო ორი ღირსეული ქართველის ურთიერთობა. იმ ორი მამულიშვილისა, რომელთა ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე განუზომელია.
,,მოგონებები აკაკიზე“. თბილისი . 1990 წელი . გვ. 201-208.
   გიორგი ლომთათიძე, ,,ბატონი ექვთიმე“ გულახდილ საუბართა ჩანაწერები 1949-1952 წლები, 15.IV.1949. იგონებს: ,,აკაკის სახლ-მუზეუმზე (სხვიტორში) ჩამოაგდო სიტყვა. რაღაცეები მაქვს მისეული და უნდა გადავცე, ან აკაკის სახლ-მუზეუმსა ან ლიტერატურულ მუზეუმსო. მე ვურჩიე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცი-მეთქი.“
,,დიდი ქართველები“. გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011. გვ.173
ჩვენ  გავესაუბრეთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის უხუცეს თანამშრომელს, ქალბატონ კლარა მაჭარაშვილს. მან აღნიშნა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი ხშირად დადიოდა სხვიტორში და მუდმივი კავშირი ჰქონდა კოტე აბდუშელიშვილთან. ექვთიმეს ჰქონია აკაკის კალამი, ვერცხლის სურო და სხვა ნივთები. ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან მიძღვნილი საჩუქრები, რომლებიც 1921 წელს ქართულ განძთან ერთად გაუტანია საზღვარგარეთ.
აკაკის მუზეუმის ფონდში ინახება ექვთიმეს რამდენიმე ხელნაწერი.
გამოყენებული წყაროები:
1.      ,,აკაკი წერეთელი“  თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად. ტომი XIV. პუბლიცისტური წერილები. 1901-1915წწ. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1961;
2.      ,,დიდი ქართველები“. გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011 წელი;
ISSN 198-989x.        ISBN 978-9941-425-26-4
3.      ,,მოგონებები აკაკიზე“. გამომცემლობა ,,საქართველო“. თბილისი, 1990;
ISBN 5-529-00926-3
4.      აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ფონდი;
5.      ფოტოებისწყარო: http://burusi.wordpress.com





საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება



საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება
  1907 წლის 20 სექტემბერს გაიმართა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების პირველი საერთო კრება თბილისის დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში(დ. სარაჯიშვილის სახლი, ბელინსკის ქ, #2-ში). კრებამ თავმჯდომარედ აირჩია ექვთიმე თაყაიშვილი.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებიამ შეიმუშავა წესდება. საზოგადოების მიზნებსა და ამოცანებს ექვთიმე თაყაიშვილი ვრცლად შეეხო კრებულის ,,ძველი საქართველოს“ პირველი ტომის წინასიტყვაობაში, სადაც იგი ქართველ საზოგადოებას სთხოვს , დახმარება გაუწიოს ახლად დაარსებულ საზოგადოებას: - ,,ნურვინ იფიქრებს, რომ სპეციალურ საზოგადოებას, მარტო სპეციალისტების  დახმარება ეჭირვებოდეს, - წერს იგი, - ჩვენი საზოგადოების მიზანი ძლიერ ფართოა. მას საგნად აქვს შესწავლა საქართველოს წარსულისა და აწმყოსი, მაგრამ საქართველოს ყოველგვარი შესწავლისათვის მასალაა საჭირო და მასალის შეკრება ამჟამად  უმთავრეს მიზანს შეადგენს... ყველა შეგნებულ ქართველს შეუძლია დიდი დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს საზოგადოებას.“
ექვთიმე თაყაიშვილი საზოგადოებას მოუწოდებდა შეეკრიბათ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ძველი ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, იარაღი,სამკაულები, ჭურჭელი, ტანისამოსი, ძველი ფულები, არქეოლოგიური ნივთები; ჩაეწერათ ზღაპრები, სიმღერები, გადმოცემანი, არაკები, თქმულებები, შელოცვები, გამოცანები; აღეწერათ ყველა ქართველი მოდგმის ხალხის ზნე-ჩვეულება, ქორწილი, ტირილი, დღეობა, ხატობა, სხვადასხვა გართობა და ა.შ.
1907 წლის 25 ოქტომბერს, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს მესამე სხდომაზე, ექვთიმემ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც თორმეტ განყოფილებას მოიცავდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კრებულისათვის უნდა ეწოდებინათ ,,ძველი საქართველო.“
თამარის გულსაკიდი ჯვარი
კრებულის დანიშნულება ფართო და მრავალმხრივი იყო. ის ხელს უწყობდა კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ შესწავლას და მის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას ჰქონდა მეორე სერიული გამოცემაც - ,,საქართველოს სიძველენი.“
1015 წელს საზოგადოების საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ორი ახალი სერია - ,,ქართული ხალხური სიტყვიერება“ და ,,ძველი ქართული მწერლობა“, მაგრამ ქაღალდისა და სტამბის უჩვეულო სიძვირის გამო მათი ბეჭდვა შეწყდა. 1916 წელს მაინც მოხერხდა ,,ძველი ქართული მწერლობის“ პირველი ტომის გამოცემა, რომელის 888 გვერდს შეიცავდა.
1907-1917 წლებში ხალხური სიტყვიერებიდან კრებულში დაიბეჭდა 2000-მდე ხალხური ლექსი, 1385 არაკი და ზეპირსიტყვიერების მასალა. 118 გამოცანა, 16 სიმღერა ნიტებით, 4 გადმოცემა და თქმულება, 33 ზღაპარი, 1527 სიგელ-გუჯარი და სხვა ნაშრომები.
     1907 წლის 29 ნოემბერს საბჭომ მოისმინა ექვთიმე თაყაიშვილის ინფორმაცია იაკობ მედვედევის ნუმიზმატიკური კოლექციის მოპოვების შესახებ. მედვედევის კოლექცია შეიცავდა 872 ძველ მონეტას, (მათ სორის 114 ვერცხლისა, 5 ბრინჯაოსი და 753 სპილენძის) 168 ქართულ-რუსულსა და 77 მუსლიმანურს, რომელიც თბილისში იყო მოჭრილი. სულ იყო 1117 ცალი (მათ შორის 281 ვერცხლის). ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, ამ კოლექციას მედვედევი აფასებდა 4000 მანეთად. რადგან საზოგადოებას არანაირი წყარო არ გააჩნდა, ექვთიმეს წინადადებით, საბჭომ გადაწყვიტა დახმარებისათვის მიემართა ქართული კულტურის ისეთი გულშემატკივარისათვის, როგორიც იყო კირიონი, დავით სარაჯიშვილი და იაკობ ზუბალაშვილი. ამ გზით შეძენილი კოლექცია საფუძვლად დაედო საზოგადოების ნუმიზმატიკურ კოლექციას, რომელსაც შემდეგში შეემატა ექვთიმე თაყაიშვილისა და კირიონ მეორის მიერ შემოწირული ნუმიზმატიკური კოლექციები. 
     კოლექციაში საკმაოდ ბევრი ,,უნიკუმი“ (იშვიათი ფულები) მოიპოვებოდა. ბევრი იყო ისეთიც, რომლებიც არ იყო ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში და გაურკვეველი იყო, რომელი მეფის დროს მოეჭრათ.
საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ნუმიზმატიკური კოლექცია ძვირფასი შენაძენი იყო საზოგადოებისათვის. 1917 წლისათვის მასში მოიპივებოდა 3883 მონეტა. მათ შორის 1081 ვერცხლისა, 2794 სპილენძისა და 4 ბრინჯაოსი. კოლექცია იწყებოდა კოლხური მონეტებით და მთავრდებოდა რუსულ-ქართულით, რომელთა მოჭრა შეწყდა 1833 წელს.
1917 წლისათვის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნსაცავში შეგროვდა 9817 სახელწოდების ნაბეჭდი წიგნი.(მათ შორის 1495 ქართულ ენაზე, 8380 უცხო ენაზე);160 ალბომი, 1427 ხელნაწერი და 8 ათასზე მეტი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთი. 550 ნაქსოვ-ნაკერი, 62 ქანდაკება, 585 მხატვრული ნაწერები და ისტორიულ პირთა პორტრეტები, 73 ძველი ფრესკების პირები, მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექციები და სხვა.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა რუსეთისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო საზოგადოებებთან.
   1907-1917 წლებში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას 35 ექსპედიცია მოუწყვია, მათ შორის სამეცნიერო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთში, სამეგრელოსა და თორთუმ-ისპირში მოწყობილ ექსპედიციებს.
ექვთიმე თაყაიშვილი მთელი რუდუნებით დასტრიალებდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას 1921 წლამდე.
გამოყენებული წყარო:
1.       ლამარა გოდერიძე, ,,კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“.(ქართული თვითმოქმედი საზოგადოებები). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი  2005 წელი.  ISBN 99940-12-47-9.
2.       იოსებ მეგრელიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. ცხოვრება და მოღვაწეობა. გამომცემლობა ,,მეცნიერება“. თბილისი 1989 წელი.ISBN 5-520-00452-8.
3.       https://www.google.com

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი



წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
 წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)  დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს გურიის სოფელ ლიხაურში, რომელიც მაშინ ოზურგეთის მაზრას ეკუთვნოდა და ოთხიოდე კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქს. მამამისი, აზნაური სიმონ თაყაიშვილი, კორდონის ოფიცერი იყო. დედა, ნინო ნაკაშიძე მაზრის მოწინავე ქალთა საზოგადოებაში ტრიალობდა. წმინდანს მშობლები მალე გარდაეცვალა.
   ექვთიმეს ადრე გამოუვლენია დიდი მისწრაფება სწავლისადმი. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც ექვთიმემ 1883 წელს ვერცხლის მედლით დაასრულა. იმავე წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1887 წელს დაამთავრა სწავლა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.
    1895 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო თბილისელი იურისტის, ივანე პოლტარაცკის ასული ნინო.

 ღმერთისა და ერის სიყვარული წარმართავდა ექვთიმე ყველა მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად მიაჩნდა მასალების შეკრება ისტორია-არქეოლოგიისათვის. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავნია წმინდანს - ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა, ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია... ყველგან ჩვენი ერის წარსულის ანარეკლს, ჩვენს ნაკვალევს ეძებდა.
   1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა ,,საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, რომელშიც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. ამავე დროს, თანმიმდევრულად მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
   1907 წელს ექვთიმემ დააარსა ,, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“. ამ საზოგადოების მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგზაურობა ,,სამუსლიმანო საქართველოში“. ექვთიმე თანამემამულეებს უღვიძებდა ეროვნულ გრძნობებს, ზოგიერთ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა დავიწყებოდათ, მაგრამ შეგნება, რომ მათი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა.
   ,,საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“,  შეგროვება-შესყიდვით, რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკების ზუსტი ასლები - 73 ძველი ფრესკის პირი.
    წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებში იდგა.  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 1918 წელს ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების საქმეშიც.
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა  ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ თან გაიტანა საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები, რომელსაც მცვეკად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულთურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან,“- წერდა მოგვიანებით.საფრთხე ბევრი იყო: ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, სალომე დადიანმა სასამართლოში აღძრა საქმე, რადგან თავს ეროვნული განძის ნაწილის მეპატრონედ თვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა. ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა განძზე პრეტენზია.
     არ სძინავს ექვთიმეს. ,,... ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად სენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ეს  ნივთები ან მისი ნაწილი დაიკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მთანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდება.“
      ამ წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს, 1935 წლის 10 აპრილს ექვთიმემ მენშევიკ მთავრობისაგან მიიღო დადგენილება, რის თანახმადაც მას მიანდვეს ქონებაზე ზრუნვა და დააკისრეს პასუხისმგებლობა ქონების მეპატრონე მუზეუმთა და საქართველოს წინაშე.
     გასაოცარი იყო სულიერი სიმტკიცე სიღატაკეში მცხოვრები მოხუცისა. 1931 წელს გარდაეცვალა მეუღლე. მარტო დარჩენილი წმინდანი საშინელ პირობებში ცხოვრობს. შიმშილი. ყინვა. ავადმყოფობა. 1931 წლის თებერვალში 6 დღე არ უსადილია, მარტში - 13. ვგებულობთ მისი უბის წიგნაკიდან. მაგრამ ღვთისა და ერისაგან დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია - ერთი ექსპონატიც არ გაუყიდნია.
   1940 წელს მოხუცი დადგენილი 100 გრამი პურის ამარად დარჩა. შიმშილობდა, ფეხის ტკივილები გაურთულდა, მიწას მაინც აწვალებდა კარტოფილისთვის, პომიდვრისთვის, მწვანილისთვის. მოწამეობრივი გზიდან არ გადაუხვევია. ერჩივნა დილაობით კვლავ ეძოვებინა ფრანგული თხისათვის, რომლის რძე ხშირად ერთადერთი საკვები იყო წმინდანისა.
    ასე გრძელდებოდა წლობით მისი ყოფა უცხოეთში. ხანგრძლივი ემიგრაციის მანძილზე საკუთარ თავს ეუბნებოდა: ,,სანამ განძს პატრონს არ ჩავაბარებ, არ უნდა მოვკვდე!“ ღირსეულად უერთგულა ამ უდიდეს მისიას, რაც საგანძურის სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა.
    1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი წმინდანი წერდა: ,,ორიოდე წლის სიცოცხლე, რომელიც დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას. ვეცდები, აღარც ერთ ჩემ ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი...“
   დრო მიდიოდა... წლები თავისას აკეთებდა... ღრმად მოხუცებული ექვთიმე დიდ განსაცდელში იყო. ხელისუფლება ყოფილი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. 1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდია პოლტარაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში; შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა მასთან სიარული; 1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან ,,საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის  უქონლობის გამო.“ მალე გაირკვა, რომ ხმები დაეყარათ, თითქოს ექვთიმეს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბევრი მეცნიერი მასთან მისვლას ვეღარ ბედავდა. თანამშრომლებსაც აუკრძალეს მასთან სიარული.
    1953 წლის 21 თებერვალს, სამშობლოს სიყვარულში დამაშვრალმა წმინდანმა სული უფალს შეჰვედრა. გარდაცვალების მიზეზი იყო გულის დამბლა.
      24 თებერვალს, მცირერიცხოვანმა პროცესიამ წმინდანის კუბო ვაკის სასაფლაომდე მიაცილა. 10 წლის შემდეგ, 1963 წლის 10 თებერვალს, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. (ექვთიმეს ტანსაცმელი დაცული იყო და არც კუბო აღმოჩნდა გამოსაცვლელი).
    1987 წლის 22 თებერვალს კი ლევილიდან ჩამოასვენეს  ნინო პოლტარაცკაია-თაყიშვილის ნეშტი და დაკრძალეს მეუღლის გვერდით.
    2000 წელს გადაასვენეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

   2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმონდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
გამოყენებული წყარო:
1.      ,,გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები“. საკითხავი ყმაწვილთათვის. ტომი მე-16. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2008 წელი.  ISBN 978-99940-919-5-9;
2.      ,,საქართველოსთვის! საქართველოსთვის!საქართველოსთვის!”. ტომი მე-6.  საკითხავი ყმაწვილთათვის. გამომცემლობა ,,ციცინათელა“ 2002 წელი. ISBN 99928-971-0-4;
3.      ,,დიდი ქართველები“. გიორგი ლომთათიძე, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“. თბილისი 2011 წელი;
ISSN 198-989x.        ISBN 978-9941-425-26-4;
4.      ,,ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“. სასკოლო ბიბლიოთეკა. გამომცემლობა ,,ბაკმი“ 2009. ISBN 978-99940-27-31-6 ; ISBN 978-99940-27-50-0;
5.      ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ მე-9 კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემდგენლები: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი. გამომცემლობა ,,სწავლანი“ 2009 წელი. ISBN 078-9941-9034-4-1;
6.      მართლმადიდებლური ჟურნალი ,,ქაროზი“ # 9 (37). ქრისტეშობისთვე, 2005 წელი;
7.      ვიკიპედია, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლობედია;
8.      https://www.google.com